ქართული ოთხეული ლიდერებს კვალში უდგას


მსოფლიოს საჭადრაკო უნივერსიადაზე, რომელსაც შვეიცარიის ქალაქი ციურიხი მასპინძლობს, მე-4 ტური წარმატებული გამოდგა ქართული ოთხეულისთვის.
გოგონათა ტურნირში სოფიკო გურამიშვილსა (2343) და თამარ წერეთელს (2384) თამაში მონღოლ მოჭადრაკეებთან მოუხდათ. გურამიშვილმა თეთრი ფიგურებით მონღოლ უუგანბაიარ ლხამსურენს (2206) მოუგო, ხოლო წერეთელი უმაღლესი რეიტინგის (2412) მქონე ბატხუაგ მუნგუნტაალს დაუზავდა.
ქართველებს 3-3 ქულა მოუგროვდათ და მესამე-მეოთხე ადგილებზე იმყოფებიან, ტურნირის სათავეში კი რუსი ზოია სევერიუხინა (2313) და სლოვაკი ზუზანა ბოროსოვა (2277) იმყოფებიან, რომელთა მონაგარიც 3.5-3.5 ქულაა.
მე-5 ტურში წერეთელი შავები ერთ-ერთ ლიდერ სევერიუხინას ეთამაშება, ხოლო გურამიშვილის მეტოქე შვეიცარიელი მონიკა სეპსი (2184) იქნება.
ვაჟთა ტურნირში დავით ბენიძემ (2504) შავი ფიგურებითYსერბი ნიკოლა ნესტეროვიჩი (2420) დაამარცხა და თავი 3.0 ქულას მოუყარა. შედეგად, იგი მე-8 ადგილზე დამკვიდრდა და ებრაელ ილია ხმელნიკერს (2483), ჩინელ იუე ვანგსა (2732) და მონღოლ ბაიარსაიხან გუნდავაას (2460) ნახევარი ქულითღა ჩამორჩება.
2.5 ქულით 24-ეა მალხაზ სულაშვილი (2500), რომელმაც შავებით ჰოლანდიელ მარიინ ოტტეს (2264) სძლია. მომდევნო ტურში ქართველი მოჭადრაკეები თეთრი ფიგურებით ჰოლანდიელების წინააღმდეგ ითამაშებენ. ბენიძე როელანდ პრუიისერს (2483) დაუპირისპირდება, ხოლო სულაშვილი – შტეფან კუიპერსს (2370).