ბიძინა ივანიშვილი: “შტეფან ფულეს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს”


კოლიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს”.

მისივე თქმით, მას ბრიუსელში წასვლა დაგეგმილი არ აქვს.

“ქცევის კოდექსს ხელი მოწერილი გვაქვს. მოატყუეს შტეფან ფულე, რომ ხელი არ მაქვს მოწერილი. მე მგონი გუშინ მას ირაკლი ალასანია შეხვდა და ყველაფერი განუმარტა. თავდაპირველად ჩვენმა ხელისუფლებამ მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და ამაში სპეციალისტები არიან, ამ სიცრუის ტირაჟირებაში დახმარებას კი თქვენ უწევთ”, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ რადიო “თავისუფლების” ცნობით, ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფილე კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს პარტიათა საარჩევნო ქცევის წესებზე ხელმოწერას სთხოვს. ამის შესახებ კი რადიოსთან საუბრისას ევროკომისრის სპიკერმა პეტერ სტანომ განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და შტეფან ფულეს შეხვედრა. ბატონი ფულე მასთან შესახვედრად მზად არის, თუ მიიღებს დაპირებას, რომ ივანიშვილის პარტია “ქართული ოცნება” ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის და რომ “ქართული ოცნებისათვის” არჩევნების შედეგები მისაღები იქნება, თუ მათ ავტორიტეტიანი სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა, ეუთო და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ლეგიტიმურად მიიჩნევენ”, – განაცხადა პეტერ სტანომ.

ალექსანდრ შტუბი – საქართველო და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან აუცილებლად უნდა დასხდნენ


ფინეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მხარი დაუჭირა .
ამის შესახებ თბილისში მყოფმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შტუბმა განაცხადა.
მან გაიხსენა 2008 წლის მოვლენები, როდესაც გორში საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ გამოყავდა ასაკოვანი ხალხი კონფლიქტის ზონიდან ორ სატვირთო ავტომანქანას.
“ამ სანახაობამ დღემდე დატოვა წარუშლელი და ძალიან მძიმე შტაბეჭდილება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ხალხი დავაბრუნოთ საკუთარ სახლებში. გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაც არის სწორედ ამისკენ გადადგმული ნაბიჯი”,- განაცხადა ალექსანდრ შტუბმა.
მისივე განმარტებით, კონფლიქტის მოგვარებას აქვს სამი ფაზა: პირველი – დაძაბულობის, მეორე – განმუხტვის, ხოლო მესამე უკვე კონფლიქტის მოგვარების, მესამე გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული და გრძელი პროცესია.
“ჩვენი წარმომადგენელი გაერო-ში ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს დაეხმაროს კონფლიქტის მოგვარებაში. არსებობს, აგრეთვე, ჟენევის ფორმატი, რომელიც ძალიან მნიშნველოვანი ფორმატია. საქართველომ უნდა გააგრძელოს ეკონომიკური მოდერნიზაცია, რითაც შეძლებს, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს, გახდეს ევროკავშირის წევრი და ბოლოს, ეს არის ის ფაქტი, რომ საქართველო და რუსეთი მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან აუცილებლად უნდა დასხდნენ”, – განაცხადა ალექსანდრ შტუბმა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გუშინ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტეროტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა.
რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს კონფლიქტების შედეგად დემოგრაფიული სურათის ძალადობრივი შეცვლის გამო.